ნაშრომის გამოქვეყნება

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის“ ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ორჯერ, ორი დამოუკიდებელი — ქართულ და ინგლისურენოვანი გამოცემის სახით. ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, ჟურნალის თითოეული გამოცემა აერთიანებს ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს.

სამეცნიერო ნაშრომთა გამოქვეყნების უფლებით სარგებლობენ:

  • საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრები;
  • ჟურნალის დარგობრივი სფეროს პრაქტიკოსი იურისტები;
  • ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მიერ მოწვეული ავტორები.

გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურა უნდა იყოს მითითებული აკადემიური კეთილსინდისიერების, ასევე, ჟურნალის აკადემიური ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის სახელმძღვანელო სტანდარტის დაცვით. ნაშრომის მომზადების ეტაპზე მიზანშეწონილია შესაბამისი უცხოენოვანი წყაროების გამოყენება.

გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომის შინაარსი უნდა მიესადაგებოდეს ჟურნალის მიზანს და სარედაქციო პოლიტიკას. ავტორს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო ნაშრომის შინაარსი და კვლევის თემატიკა. ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს ანონიმურად, ავტორის პერსონალური მონაცემის მითითების გარეშე. ნაშრომის ჟურნალში გამოქვეყნებამდე გონივრულ ვადაში, ავტორს უფლება აქვს ჟურნალის რედაქციისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, გამოიხმოს ნაშრომი და უარი განაცხადოს ჟურნალში პუბლიკაციაზე. მესამე პირის მიერ საავტორო უფლებების შესახებ დავის შემთხვევაში, პასუხისმგებელია ავტორი.

გამოქვეყნებაზე თანხმობა გულისხმობს წარდგენილი ნაშრომის უცვლელად ან რეცენზენტებისა და რედაქტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, ავტორის მიერ ნაშრომის მცირედი შინაარსობრივი ცვლილება-დამატებით ნაშრომის პუბლიკაციას. ამავდროულად, ნაშრომი არ უნდა იყოს სხვა წყაროში სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი. გადაწყვეტილება ნაშრომის ჟურნალში გამოქვეყნებაზე ავტორს ეცნობება წერილობითი ფორმით, ჟურნალის ოფიციალური ელექტრონული მისამართის მეშვეობით. ჟურნალი ნაშრომზე იძენს საავტორო უფლებებს საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნითა და ფარგლებით, თუმცა ავტორი ინარჩუნებს ნაშრომზე არაქონებრივ საავტორო უფლებებს.

გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ავტორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, რეცენზენტთა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ეგზავნება შესაბამისი დასკვნა.

ჟურნალი გამოიცემა მატერიალური და ელექტრონული ფორმით და დაინტერესებული პირებისთვის იგი ხელმისაწვდომია საჯაროდ. მასში სამეცნიერო ნაშრომის პუბლიკაცია უსასყიდლოა.


2023-02-21

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი