ეთიკის პოლიტიკა

ეთიკის პრინციპები განისაზღვრება ჟურნალის საგამომცემლო საქმიანობის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით წარმართვის, არაეთიკური ქცევის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. ეთიკის პრინციპები მოქმედებს ჟურნალის საგამომცემლო პროცესში მონაწილე ყველა პირის მიმართ.

ჟურნალის საგამომცემლო საქმიანობა წარიმართება დამოუკიდებლობის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვის, კონფიდენციალობის, აკადემიური თავისუფლებისა და კომპეტენტურობის პრინციპთა დაცვით. საგამომცემლო საქმიანობაში ჩართული პირის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი უნდა გაცხადდეს გონივრულ ვადაში, მისი გამოვლენისთანავე. ასეთ შემთხვევაში, საგამომცემლო პროცესი წარიმართება აღნიშნული პირის მონაწილეობის გარეშე. საგამომცემლო პროცესში მონაწილე პირი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ჟურნალის რედაქციის გონივრულ ვადაში ინფორმირება წერილობითი ფორმის დაცვით.

ავტორს შეუძლია, იმოქმედოს აკადემიური თავისუფლების ფარგლებში ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტისა და ეთიკის პრინციპების დაცვით. გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ტექსტს, სიძულვილის ენას, არაეთიკურ შეფასებებს, შეურაცხმყოფელ ანდა დამაკნინებელ მოსაზრებებს, ასევე, პიროვნულ კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომის შინაარსი ჩამოყალიბდეს მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემითა და პერსონალური მონაცემის დაცვით.

ნაშრომის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენით, ავტორი ადასტურებს ნაშრომის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით შესრულებას და მასში გამოყენებული ავთენტური სამეცნიერო წყაროების სათანადოდ აღნიშვნას. შესაბამისი ციტირებისა და აღნიშვნის გარეშე მესამე პირთა კვლევის/პუბლიკაციის/შრომის გამოყენების ანდა მითვისების, ასევე, ნაშრომის გამოქვეყნების შემდგომ, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


2023-03-21

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი