რეცენზირების პროცესი

პირველადი დასაშვებობის ეტაპზე, გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნაშრომი ფასდება ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის, ასევე, აკადემიურ სტანდარტებთან მიმართებით, რის შემდგომ, ნაშრომი მოწმდება პლაგიატზე.

პლაგიატზე შემოწმების შემდგომ, ნაშრომი ეგზავნება ორ რეცენზენტს, ორმხრივად ფარული რეცენზირების (“double peer-review”) მიზნით. რეცენზირების ანონიმურობა უზრუნველყოფილია როგორც ნაშრომის შეფასების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ისე მისი დასრულებისა და ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ. რეცენზენტი შეირჩევა დარგობრივი კომპეტენციისა და მისი გამოცდილების/კვალიფიკაციის მიხედვით. სასურველია, რეცენზირების პროცესში დარგის უცხოელი ექსპერტის მონაწილეობა. ნაშრომი ფასდება ჟურნალის რედაქციის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სპეციალური სარეცენზიო ფორმის საშუალებით.

შეფასებისა და სარეცენზიო დასკვნის შემუშავების ეტაპზე, რეცენზენტი მოქმედებს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის სტანდარტითა და შეფასების წესების დაცვით. ნაშრომის შეფასების შედეგად, რეცენზენტის მიერ შეიძლება გაიცეს გარკვეული ტექნიკური მითითებები და ერთ-ერთი წინამდებარე რეკომენდაცია:

ა) ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს (დადებითი რეცენზია);

ბ) ნაშრომი გამოქვეყნებამდე საჭიროებს არსებით შინაარსობრივ-ტექნიკურ რედაქტირებას (დადებითი რეცენზია);

გ) ნაშრომი არ უნდა გამოქვეყნდეს (უარყოფითი რეცენზია).

სამეცნიერო ნაშრომის რეცენზირება წარმატებით დასრულებულად მიიჩნევა, თუკი ორივე რეცენზენტი გასცემს დადებით რეცენზიას. თუკი რეცენზიული შეფასების თანახმად, ნაშრომი გამოქვეყნებამდე საჭიროებს არსებით შინაარსობრივ-ტექნიკურ რედაქტირებას, ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომლის შესრულების ხარისხის შეფასების საფუძველზე, ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჟურნალის მთავარი რედაქტორი იღებს. თუკი ერთი რეცენზენტის შეფასება უარყოფითია, შეფასება ეგზავნება ავტორს რეცენზიული შენიშვნების გათვალისწინებისა და ნაშრომის შემდგომი კორექტირების მიზნით. ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი.


2023-02-21

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7,0105
2421000
office@pdps.ge

სოციალური ქსელი